თამარ იოსელიანი - ახალი რეგულაციები ქართველ მეზღვაურებს დაეხმარება, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა
ყველა მეზღვაურის საბუთი, იქნება ეს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი თუ მეზღვაურის წიგნაკი, რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება ექვსი თვის ვადით გაგრძელებულად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ოფიციალურად მომართვის გარეშე, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა ახალი რეგულაციების კომენტირებისას, რომლებიც მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვისკენაა მიმართული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები, რომლის თანახმადაც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ექვსი თვით გადავადდა როგორც უკვე მოქმედი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტების ვადიანობა, ასევე ავტომატურად იქნება გაგრძელებული ექვსი თვის ვადით გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა 2020 წლის პირველი იანვრის შემდეგ.
ამ და სხვა რეგულაციების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე აცნობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს, რომლის მეშვეობით აღნიშნული ინფორმაცია დაიგზავნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში.
თამარ იოსელიანის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შედეგად საერთაშორისო საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება. მისი თქმით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მეზღვაურები გამოცხადდეს ე.წ. „ძირითად პროფესიად“ (key workers), რომელზეც შეზღუდვები არ იმოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, ძირითადმა ხაზებმა და უმსხვილესმა კომპანიებმა ეკიპაჟის ცვლილების პროცესი მაისის ბოლომდე შეაჩერეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ქართველი მეზღვაურების შრომითი უფლებები არ შეილახოს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბუთების ვადა 90 დღით გაეგრძელებინა იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც გემზე არიან და შექმნილი მდგომარეობის გამო გაუგრძელდათ კონტრაქტი და/ან ვერ ახერხებდნენ გემიდან ჩამოსვლას. ახალი რეგულაციები ასევე დაეხმარება ქართველ მეზღვაურებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა,“ – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.