საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური, ძებნის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური, ძებნის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, სააგენტოში შესული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.

მათივე ცნობით, მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა, მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა. რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს“, – აცხადებენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.