თამარ გაბუნია - ვაქცინების დღევანდელი დოზები ჯერჯერობით საკმარისია, რომ 10-12 კვირის თავზე ყველა აიცრას მეორე დოზით
ვაქცინაციის ჩატარება „ასტრაზენეკაზე“ შესაძლებელია ყველგან. რეგიონში შესაძლოა, საჭირო გახდეს რამდენიმე ადამიანის თავმოყრა, რომ თავიდან ავიცილოთ დოზების დანაკარგი, ანუ ათი ადამიანი თუ არ შეგროვდა ვაქცინაციისთვის, ეს იქნება არაეფექტური გამოყენება და ამდენად, ამ დეფიციტის ფონზე ამას ვერიდებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, „იუნისეფიდან“ დაპირებული ვაქცინები რამდენიმე დღეში შემოვა.
„რაც შეეხება შემოტანის თარიღს, დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა. ჯერჯერობით ვაქცინების დღევანდელი დოზები საკმარისია იმისთვის, რომ 10-12 კვირის თავზე ყველა აიცრას მეორე დოზით და ასევე იცრებიან ის პირები, რომელთაც გადაუდებელი საჭიროების გამო მოგზაურობისთვის ჰქონდათ ბილეთები აღებული და სჭირდებოდათ „ასტრაზენეკათი“ აცრა. რაც შეეხება სხვა მწარმოებლების ვაქცინებს, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს „სინოფარმთან“, „სინოვაკსა“ და „ფაიზერთან“. რაც შეეხება „ჯონსონ ენდ ჯონსონს“ და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს „კოვაქსპლატფორმის“ მეშვეობით. პირდაპირი მოლაპარაკებები „ჯონსონთან“ და „მოდერნასთან“ დავიწყეთ, თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან გარკვეული პირობები არ იყო მისაღები ჩვენთვის და „კოვაქსის“ პლატფორმიდან გვირჩევნია მიღება“, – განაცხადა გაბუნიამ.