თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „რემდესივირზე“ მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა, აქედან კომისიამ 167 დააკმაყოფილა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მედიკამენტ „რემდესივირზე“ მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა, აქედან კომისიამ 167 დააკმაყოფილა. მისივე თქმით, იმ პაციენტების მდგომარეობა, ვინც „რემდესივირს“ იღებს, დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, პაციენტებში მდგომარეობის გაუმჯობესება რამდენად იყო დაკავშირებული „რემდესივირთან“, არსებული მონაცემები ამაზე მსჯელობის საშუალებადს არ იძლევა.
„რემდესივირზე“ მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა (დღეს დილით მივიღეთ მონაცემები). აქედან 167 მოთხოვნა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ. იმ პაციენტების მდგომარეობა, ვინც „რემდესივირს“ იღებს, დამაკმაყოფილებელია. ამ ჯგუფში ორი იყო გარდაცვალების შემთხვევა, დანარჩენების ნაწილმა დაასრულა მკურნალობა და დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას, ნაწილი კვლავაც კლინიკაში რჩება. პაცინტებში მდგნარეობის გაუმჯობესება რამდენად იყო დაკავშირებული „რემდესივირთან“, ამ ტიპის მონაცემები, ბუნებრივია, ამაზე მსჯელობის საშუალებას არ გვაძლევს.
ეს არ არის კლინიკური კვლევა, არამედ არის „რემდესივირის“ გამოყენება კლინკურ პრაქტიკაში. ამაზე ანალიზი ჩატარდება ინდივიდუალურ დონეზე. ამ პროცენტს ანალიზისთვის არ აქვს მნიშვნელობა. დიდი უმრავლესობა პაციენტებისა, რომლებმაც „რემდესივირი“ მიიღო, გამოჯანმრთელდა ან აგრძელებს მკურნალობას. თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს შედეგი უკავშირდება აუცილებლად „რემდესივირს“. ამ ტიპის ანალიზი ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ჩვენ მივყვებით ორ გაიდლაინს, რომელიც ემყარება ადრეულ მტკიცებულებებს, რაც „რემდესივირის“ შესახებ არსებობდა. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაცია არ აძლევს რეკომენდაციას „რემდესივირის“ გამოყენებას, იქიდან გამომდინარე, რომ მან საკმარისი მტკიცებულებები „რემდესივირის“ ეფექტურობის ცალსახად დასადასტურებლად ვერ მოიპოვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „რემდესივირის“ გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში აკრძალულია. პრაქტიკა არის არაერთგვაროვანი. ამ შემთხვევაში ჩვენი მიდგომა იყო, რომ აუცილებლად ქართველ პაციენტს უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა იმ საშუალებაზე, რომლის ეფექტურობა გარკვეულწილად, იმედმომცემია და პერსპექტივაში, შესაძლოა, სარგებლიანი იყოს. ჯერჯერობით პრაქტიკა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.