ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში სავარაუდოდ მომავალ წელს გადავა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში სავარაუდოდ მომავალ წელს გადავა.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, ჯანდაცვის ახალი მინისტრი უკვე შეხვდა პროცესში მონაწილე მხარეებს და აღნიშნულ საკითხში აქტიურად არის ჩართული.
„ეს კლინიკა არის სტრატეგიული მნიშვნელობის. ბატონი მინისტრი მისი სამინისტროში ყოფნის პირველივე დღეს შეხვდა ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს, მათ შორის ესტუმრა შიდსის ცენტრს, ჰქონდა კომუნიკაცია„ ავერსის“ კლინიკის ხელმძღვანელობასთან, რომ შევთანხმდეთ მომავალი წლის ხელშეკრულებაზე. ბუნებრივია, ამ პროცესზე და რემონტის საკითხებზე აქტიური მუშაობა მიდის, რომ წელს იყოს ის ბოლო ვადა, როდესაც დასრულდება ახალი შენობის რემონტი, გარკვეული ადაპტაცია სჭირდება მას ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის. ამიტომ, გართულდა და გახანგრძლივდა ეს პროცესი, რადგან სპეციფიკური ტექნიკური დახმარება და ექსპერტიზაა საჭირო, რომ შენობა შესაბამისად მოეწყოს. ვფიქრობ, წელს იქნება ის ბოლო ვადა, რომ ინფექციური დაავადებების ცენტრი გადავიდეს ახალ შენობაში და ეს საკითხი დაიხუროს. არავითარი რისკი შიდსის ცენტრის ფუნქციონირებას არ შეექმნება. მინისტრი უშუალოდ უზრუნველყოფს ამ პროცესების მართვას, ეს საკითხი არის მის პირად კონტროლზე“, – განაცხადა გაბუნიამ.