თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიურად მსჯელობენ, რომ ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის შემდეგ ყველა ტურისტმა ტესტი გაიკეთოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მიუხედავად ვაქცინაციის სრული კურსისა, ყველა ტურისტმა საქართველოში ტესტი გაიკეთოს.
მისივე თქმით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, ტურისტებისთვის ტესტირების სქემის გააქტიურება იგეგმება.
„აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, მონიტორინგდებოდეს ტესტირების საშუალებით. 72-საათიან რეჟიმში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა ვაქცინაციის სტატუსი არის გამონაკლისი, როდესაც საჭიროდ არ მივიჩნევთ, რომ ტურისტებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეთ. თუმცა, სამომავლოდ რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება ვაქცინირებული ტურისტებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინირებული ტურისტების ტესტირებაზე გუშინ ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ტიკარაძის თქმით, ამ შემთხვევაში ტურისტების გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.