თამარ გაბუნია - ყველა ორსულს და მათ ექიმებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ორსულების ვაქცინაციის პროცესი აქტიური იყოს.
გაბუნია კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით ორსულებს და ექიმებს, აცრა არ გადაავადონ.
„ორსულების ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დღეს საბჭო მსჯელობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია იყოს აქტიური და ყველა ორსულს ალტერნატალური მეთვალყურეობის პერიოდში ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ. ტრენინგი დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ეს ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე „ფაიზერის“ ვაქცინით. ამდენად, კიდევ ერთხელ ჩვენი თხოვნა იქნება ყველა ორსულის და მისი ექიმის მიმართ, ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას და სწრაფად მივიღოთ ორსულები ვაქცინაციის პროგრამაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.