თამარ გაბუნია - ვფიქრობ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები დაბალანსებული იყო და მომავალშიც მსგავს მიდგომას გამოიყენებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ყოველთვის დაბალანსებული იყო და მომავალშიც მსგავს მიდგომას გამოიყენებს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად უპირატესობა ენიჭება იმ სასიცოცხლო რისკების გადაზღვევას, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოება დგას.
„ზოგადად, კოვიდპანდემიის თემა გარკვეულწილად პოლიტიზებული იყო პირველი დღიდან არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად. რა თქმა უნდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძალიან მაღალი იყო კოვიდპანდემიის ზეგავლენა არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროზე, არამედ ზოგადად, განვითარების ყველა სფეროზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს ნიშნავს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ჯანდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ მოსახლეობის ყველა სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, რაც საბოლოო ჯამში, მაინც ქმნის ერთიან სურათს იმისთვის, საითაც მივდივართ.
რა თქმა უნდა, ხშირად უპირატესობა ენიჭება იმ სასიცოცხლო რისკების გადაზღვევას, რომლის წინაშე დღეს ჩვენ, ყველანი ვდგავართ. ეს იწვევს ხშირად სწორედ იმ დიდ უკმაყოფილებას ბიზნესგარემოში ან საზოგადოებაში, რაც უკავშირდება თუნდაც ტრანსპორტის შეზღუდვას ან რომელიღაც ბიზნესის საქმიანობის შეზღუდვას. ვფიქრობ, აქამდე გადაწყვეტილებები დაბალანსებული იყო და სამომავლოდაც საკოორდინაციო საბჭო მსგავს მიდგომას გამოიყენებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.