თამარ გაბუნია - ვერაფრით ჩაითვლება დისკრიმინაციად, როცა ადამიანი იცავს უსაფრთხოების ნორმებს და აქვს მოლოდინი, რომ მის გარშემო მყოფებმაც იგივე გააკეთონ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და სოციალურ აქტივობაში ჩართვისთვის ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინების საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება, როცა ადამიანი თავად იცავს ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნორმებს და ასევე აქვს მოლოდინი, რომ მის გარშემო მყოფმა სხვა პირმაც იგივე გააკეთოს.
გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაცია სავალდებულო არაა, უბრალოდ არსებობს სამი სტატუსი, რაც მიუთითებს, რომ პირი რისკის მატარებელი არ არის.
„რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებას სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და სოციალურ აქტივობაში ჩართვისთვის, ჩვენი პოზიცია, და ეს პოზიცია გაზიარებულია საბჭოსთან, სრულიად ემთხვევა სახალხო დამცველის პოზიციას იმ მიმართულებით, რომ ვერაფრით ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად, როდესაც ადამიანი იცავს ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნორმებს თავად, ასევე მოლოდინი აქვს, რომ მის გარშემო მყოფმა სხვა პირმაც იგივე გააკეთოს.
ასე რომ, ბიზნეს უსაფრთხოებისთვის, აკადემიური უსაფრთხოებისა და სოციალური უსაფრთხოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი აქამდეც აყალიბებს იმ ვალდებულებას, რომ იქ, სადაც მე ვხდები რისკის მატარებელი სხვა პირებისთვის, გარკვეული წესები უნდა დავიცვა. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწიებს ვაქცინაციის სავალდებულობას, არჩევანი რჩება – ვაქცინირებული, ტესტირებული პირი, ან გადატანილი დაავადება. ანუ, სამი სტატუსი, რაც არის იმის აღმწერი, რომ მე არ ვარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რისკის მატარებელი და შემიძლია, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა აქტივობაში.
კომპანია თანამშრომლისგან ითხოვს სტატუსის დამადასტურებელ საბუთს, რომელიც აღწერს, რომ თანამშრომელი არის ეპიდემიურად უსაფრთხო. მე თუ ვარ რომელიმე კომპანიის დაქირავებული, მე მაქვს არჩევანი, წარვადგინო აცრის დამადასტურებელი საბუთი, ტესტირების შედეგად ჩემი კოვიდსტატუსის დამაკავშირებელი საბუთი ან გადატანილი დაავადების ცნობა. ეს არაფრით არ ნიშნავს, რომ რომელიმე კომპანია თავის დაქირავებულს მოუწოდებს ან ზემოქმედებას ახდენს, ჩაიტაროს აცრა. აცრა ხდება პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ ის, რომ ადამიანი იყოს უსაფრთხოდ, გარკვეულწილად არის დამსაქმებლის ვალდებულებაც, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა – ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას.
ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მოქალაქემ, თუ ორგანიზაციამ მიმართა კითხვით, არღვევს თუ არა პირის უფლებებს და დისკრიმინაციულია თუ არა ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში, მომსახურების, ჯანდაცვის, განათლების, თუ სხვა სფეროებში.