თამარ გაბუნია - ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა
თამარ გაბუნია - ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა შესაძლოა, 16 წლის ზემოთ ყველა ასაკის ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

მისივე თქმით, ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

„ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ამ კვირაში უკვე დავიწყებთ ოფიციალურად, რაც ნიშნავს, რომ საწყისი ვაქცინაციიდან ბუსტერი დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის ასაკის და დაავადების სტატუსის მიუხედავდ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ  მოგზაურობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, პირებს „ფაიზერის“ ვაქცინით დამატებით ორი დოზით აცრას სთავაზობენ.

„რაც შეეხება მოგზაურების დამატებითი დოზით ვაქცინაციას, მოგეხსენებათ, ზოგიერთი ქვეყანა ჯერჯერობით არ ცნობს ყველგან დაშვებისთვის „სინოფარმის“ და „სინოვიკის“ ვაქცინას, მათ შორის საუნივერსიტეტო გარემოში დაშვებისთვისაც. ამის გამო ბევრ ჩვენს მოქალაქეს შეექმნა გარკვეული პრობლემა, რადგან მათ მოუწიათ ყოველდღიური ტესტირების რეჟიმში ჩართვის აუცილებლობა, ასევე „პისიარ“ რეჟიმში. იმ ქვეყანაში დაწესებული მწვანე საშვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანია, შეიცვალონ ვაქცინაციის სტატუსი, გაიკეთონ ეგრეთ წოდებული დამატებითი დოზები, ორი დოზა. ბუსტერ დოზა არის ერთი დოზა, დამატებითი დოზები, რომლებიც მოგზაურობის მიზნებისთვის ან საუნივერსიტეტო გარემოში მოხვედრისთვის ტარდება, არის ორი დოზა. მისი გაკეთება დასაშვებია მეორე აცრიდან ერთი თვის შემდეგ. მოთხოვნილია გარკვეული დოკუმენტაცია, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბილეთის ჯავშანი ან მოწვევა. ნებისმიერი ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ჩვენ მათ ვთავაზობთ დამატებით ორი დოზით აცრას „ფაიზერის“ ვაქცინით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეისთვის მოქმედი წესის თანახმად, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეუძლიათ. დამატებითი დოზის გაკეთება დადგენილია მეორე აცრიდან ექვს თვეში.