თამარ გაბუნია - ვაქცინებზე ჯავშნების გაუქმება სერიოზული ხარვეზია, რაც მიუღებელია, ამას ჩვენი პასუხი მოჰყვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ ვაქცინების მობილიზების პროცესში ქვეყანამ რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გააკეთა.
„ყველაფერი, რაც ქვეყნის დონეზე შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო, გაკეთდა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, რომ დეტალურად გავიაროთ ყველა ნაბიჯი და ვიმსჯელოთ, თუ იყო რამის გაკეთება შესაძლებელი და არ გაკეთდა. ჩემი შეფასებით, ვაქცინების მობილიზებისთვის რაც კი შეიძლებოდა ქვეყანაში გაკეთებულიყო, ნამდვილად შესრულდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება „ასტრაზენეკაზე“ ჯავშნების გაუქმებას, საკითხზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს სერიოზული ხარვეზია და მიუღებელია.
გაბუნია აცხადებს, რომ ხარვეზს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პასუხი მოჰყვა და ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს მოკვლევა დაავალა.
„რა თქმა უნდა, ჯავშნების გაუქმება ხარვეზია და ჩვენთვის არც ერთ შემთხვევაში ნამდვილად არ არის მისაღები, როდესაც მოქალაქე მიდის აცრის ცენტრში, გეგმავს, ჩაიტაროს აცრა და ის ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ დოზებს. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ხარვეზია, რასაც მოჰყვა ჩვენი პასუხი – აუდიტის სამსახურის მობილიზება, რათა ყველა დონეზე შფასდეს ასეთი ხარვეზების რისკები და მოხდეს გადაზღვევა“, – აღნიშნა გაბუნიამ.