თამარ გაბუნია - ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ბოლო 24 საათში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც საგანგაშოა, საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო დღეებში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.
მისივე თქმით, საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება, რათა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გააქტიურდეს.
„ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირადღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო, წასულიყო ვაქცინის გასაკეთებლად, ასე არ მოხდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება – იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით, რათა მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.