თამარ გაბუნია - ვაქცინაციისთვის 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია რეგისტრირებული
ვაქცინაციის რიგში უკვე 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოიკვეთა აცრის შემდგომ გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტემპერატურის მცირე მატება და ზოგადი სისუსტე.
გაბუნიას განმარტებით, აცრის შემდგომ სერიოზულ გვერდით მოვლენას ჯერ ადგილი არ ჰქონია.
„უკვე 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი რეგისტრირებულია რიგში, რათა ვაქცინაცია ჩაიტაროს. გუშინ დღის ბოლომდე 727 ადამიანი იყო აცრილი, დღეს ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ბევრი სამინისტროს თანამშრომელიც იყო უკვე მისული აცრისთვის. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ პროცესი არ შეფერხდეს და უსაფრთხოდ გაგრძელდეს. გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა – მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. რიგი მოვლენები, როგორიც არის ტემპერატურის მომატება, ინექციის ადგილზე ტკივილი, საერთო სისუსტე, ზოგადად შეუძლოდ ყოფნა – ვაქცინაციის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, შესაძლოა, ასეთი სახით მოვლენები გამოიხატოს. ზოგად მონაცემებში ტემპერატურის მომატების მაჩვენებელი დაახლოებით 10 პროცენტამდე მერყეობს. ჩვენ ეს ჯერ სტატისტიკურად არ გვაქვს, თუმცა ამასაც დავაკვირდებით. ეს არის ჩვეული მოვლენა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ აღინიშნება. რაც შეეხება სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რომელიც ძალიან იშვიათია, საბედნიეროდ, მსგავსი ჩვენ პრაქტიკაში ჯერ არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა გაბუნიამ.