თამარ გაბუნია - ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა „ომიკრონს“ დავხვდეთ მომზადებული, ვინაიდან იქნება კიდევ ერთი ტალღა
თამარ გაბუნია - ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა „ომიკრონს“ დავხვდეთ მომზადებული, ვინაიდან იქნება კიდევ ერთი ტალღა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, „ომიკრონის“ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს, რაც ქვეყანას გარკვეული რისკის წინაშე აყენებს. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭიროა, რომ მოქალაქეებმა რეგულაციები სათანადოდ დაიცვან.

„ომიკრონის“ შესახებ ცნობილია, რომ სწრაფი გავრცელება ახასიათებს. სწრაფი გავრცელების რისკიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადის ტარება და ისევ რეგულაციების დაცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო სექტორი მობილიზებულია და კოვიდპაციენტების მისაღებად თავისუფალი საწოლების საკმარისი რაოდენობაა.

მან ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს. თამარ გაბუნიას თქმით, ვითარება რომ შენარჩუნდეს, საჭიროა, ქვეყანა „ომიკრონის“ შტამს მომზადებული დახვდეს. ამ კუთხით გაბუნიამ რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას.

„სამედიცინო სექტორი რჩება მობილიზებული. 9 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ამ ეტაპზე 2 000-ზე მეტი საწოლია თავისუფალი. მცირედ სტაბილიზაციის ნიშნებს ვხედავთ. დღეს ვირუსის 3 000-ზე ცოტა მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად მცირედი კლების მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ახალი შტამი თუ გავრცელდა, და გავრცელდა სწრაფად, ეს მეტად გადატვირთავს იმ ოდნავ შემსუბუქებულ პირობებს, რაც ჩვენ დღეს გვაქვს.

ბუსტერ-დოზის გაკეთება და პირველ აცრებზე მოქალაქეების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რათა „ომიკრონს“ დავხვდეთ მომზადებული, რადგან რეალურად, ეს იქნება კიდევ ერთი შემდეგი ტალღა, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის რთული გადასატანი იქნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.