თამარ გაბუნია - ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის შესახებ საზოგადოებასთან საფუძვლიანი მსჯელობა კიდევ ერთხელ მოგვიწევს
იმედი მაქვს, გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ახალციხეში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ეს საყურადღებო შემთხვევაა.
ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული სარგებელი რისკებს აღემატება. მისივე თქმით, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ საფუძვლიანად იმსჯელებენ.
„ორიოდე დღეა, რაც ვაქცინაცია დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობა საზოგადოებაში და სამედიცინო პერსონალში ისედაც მაღალი არ არის. უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის რისკი მის სარგებელთან მიმართებით ყოველთვის უფრო ნაკლებია. ამდენად დღეს ექსპერტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის მარეგულირებელი ამაზე აკეთებენ აქცენტს, ცალსახად მიუთითებენ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული სარგებელი რისკებს აღემატება.
იმედი მაქვს, გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება. თუმცა რა თქმა უნდა, ეს საყურადღებო შემთხვევაა. ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის შესახებ კიდევ ერთხელ მოგვიწევს საზოგადოებასთან საფუძვლიანად მსჯელობა, თუ რამდენად მაღალია მისი მნიშვნელობა, რათა ეპიდემიასთან დაკავშირებული სასიცოცხლო რისკები ვაქცინაციის საშუალებით დავძლიოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ახალციხეში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის მდგომარეობა გართულდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ექთნის მდგომარეობა რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. კლინიკასთან ამ დროისთვის სამართალდამცველების იმყოფებიან.