თამარ გაბუნია - ვაქცინაციის მაჩვენებლით ლიდერობს თბილისი, სადაც უკვე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტია აცრილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ კარგია.
როგორც თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თბილისში უკვე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტია აცრილი.
„ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი. თბილისი ლიდერობს. თბილისში უკვე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტია მოცვა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი მაღალ ასაკობრივ ჯგუფში.
გაბუნიას თქმით, ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობას მეტად გაააქტიურებენ.
„განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფში დაბალი მოცვს მაჩვენებელი. ამდენად, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომდევნო დღეებში მეტად გაააქტიურებს მუშაობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.