თამარ გაბუნია - უნდა დაველოდოთ ვაქცინაციის პორტალის ამოქმედებას, შემდეგ იქნება დამატებით ინფორმაცია, დაიწყება თუ არა ხვალიდან მასობრივი იმუნიზაცია
ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ, რეგისტრაციის შესაძლებლობა შეწყდა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური ჯგუფი, გარკვეული ხარვეზები გამოსწორებულია, თუმცა ბოლომდე ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამიტომ მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის.
„გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო, როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან შეფასდა, ამიტომ ჯერჯერობით რთულია ზუსტი ვადების დასახელება. კიბერშეტევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ვიდრე არ დასრულდება, ვერ გეტყვით დეტალებს. ქოლცენტრებს ხვალ დღის ბოლომდე სავარაუდოდ დასჭირდებათ დრო, შესაბამისად ჯერ უნდა დაველოდოთ, რომ პორტალი ამოქმედდეს და შემდეგ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ხვალიდან დაიწყება თუ არა მასობრივი იმუნიზაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.