თამარ გაბუნია - „კოვაქს“ პლატფორმამ მოგვმართა, დავადასტუროთ ინტერესი „ნოვოვაქსის“ ვაქცინასთან დაკავშირებით, საქართველო ამ ინტერესს დაადასტურებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმამ ორი დღის წინ საქართველოს მიმართა, დაადასტუროს ინტერესი „ნოვოვაქსის“ ვაქცინასთან დაკავშირებით.
თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო აღნიშნულ ვაქცინაზე ინტერესს დაადასტურებს. ამასთან, გაბუნია განმარტავს, რომ „ნოვოვაქსთან“ მიმართებაში პროცესი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის.
„ნოვოვაქსი“ უკვე გამოჩნდა „კოვაქსის“ პლატფორმაზე და ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმამ ორი დღის წინ მოგვმართა, დავადასტუროთ ინტერესი „ნოვოვაქსის“ ვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავადასტურებთ ამ ინტერესს. რაც შეეხება პირდაპირ მოლაპარაკებას, ეს პროცესიც დაწყებულია. „ნოვოვაქსის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი იქნება სერუმის ინსტიტუტი, როგორც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში. უკვე გაგზავნილია ინტერესის წერილი, რომ ჩვენ გვაინტერესებს „ნოვოვაქსის“ თემაზე მათთან კომუნიკაცია, ეს პროცესიც არის დაძრული. ვფიქრობთ, მოკლე ხანში აქაც გამოიკვეთება მეტი კონკრეტიკა, რა რაოდენობას შემოგვთავაზებს უშუალოდ მომწოდებელი.
დღევანდელი მდგომარეობით „კოვაქს“ პლატფორმა გვთავაზობს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებმაც უკვე მიიღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და „ნოვოვაქსი“ პროცესშია, ჯერ არ არის დასრულებული. ასევე პროცესშია რამდენიმე სხვა ვაქცინა, ესენია – ჩინური წარმოების „სინოფარმი“ და ძალიან მალე, მარტის ბოლომდე ელოდება ის ავტორიზაციის დასრულებას, ასევე „ეფდიეის“ ავტორიზაცია უკვე მიიღო „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“. მაღალია იმის ალბათობაც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის ავტორიზაციას მალე განახორციელებს.
წინასწარი თანხები, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმაზე ქვეყნებმა გადარიცხეს, იყო გარკვეულწილად საგარანტიო, რომ ქვეყანა რეალურად იყო დაინტერესებული ვაქცინების 20 პროცენტის მიღებით. უკვე გადახდილი თანხიდან, თითოეულ დოზაზე დაგვემატება თანხის გარკვეული რაოდენობა, შესაძლოა, ეს იყოს 1-2 დოლარი, გააჩნია მწარმოებელსა და „კოვაქსს“ შორის მოლაპარაკებას. ამდენად, თანხა, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, გამოაკლდება კონკრეტულ ვაქცინებზე ჩვენ მიერ გადასახდელ თანხას, იქნება ეს „ფაიზერი“, თუ ნებისმიერი სხვა ვაქცინა, მექანიზმი ასეთია. ახლა დამატებით უნდა გადავიხადოთ დარჩენილი თანხა უკვე პირდაპირ მწარმოებელთან, რაც შექმნის ვაქცინის სრულ ღირებულებას.
ჩვენი გეგმა თავიდანვე ემყარებოდა იმ დაშვებას, რომ ვაქცინების წარმოების პროცესი გაფართოვდება. ვაქცინები, რომლებიც დღეს ელოდება ავტორიზაციას და მალე შემოვა ბაზარზე, მოგვცემს საშუალებას, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის მოცვის მიზანი შევასრულოთ. ეს დაშვება დღესაც ძალაში რჩება, რადგან უკვე არსებობს რეალური ნიშნები, რომ დამატებითი ვაქცინები ბაზარზე ძალიან სწრაფად შემოვიდეს, ამას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა მოცვა იყოს ისეთი, რაც თავდაპირველად გვქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა გაბუნიამ.