თამარ გაბუნია - „ტოცილიზუმაბი“ არ უნდა იყიდოს ოჯახმა, მედიკამენტთან დაკავშირებით არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს
თამარ გაბუნია - „ტოცილიზუმაბი“ არ უნდა იყიდოს ოჯახმა, მედიკამენტთან დაკავშირებით არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს

„ტოცილიზუმაბი“, ასევე არც ერთი მედიკამენტი არ უნდა იყიდოს ოჯახმა. „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს. თუ სადმე გაიგეთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, დავალებული დავრჩებით, ამის შესახებ ჩვენც თუ შეგვატყობინებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიკამენტის შესაძენად პაციენტის მხრიდან არავითარი თანხის მობილიზება არ არის საჭირო.

ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, როდესაც პაციენტი აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას, შეზღუდული რაოდენობის გამო, კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება.

„ტოცილიზუმაბის“ ერთადერთი მომწოდებელი არის „როშე“, რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი. ხშირ შემთხვევაში, კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება, როდესაც პაციენტი აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას. დღევანდელი მდგომარეობით, მედიკამენტი ქვეყანაში არის, გარკვეულ კლინიკებშია.

პაციენტის მხრიდან არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება პაციენტის ოჯახისთვის მოთხოვნა ამ მედიკამენტის სადმე შოვნის, მოტანის, მით უმეტეს ყიდვის თაობაზე, რადგან ბაზარზე ეს მედიკამენტი არ იყიდება. თანხის შეგროვების მოთხოვნით „ფეისბუქზე“ იყო პოსტები, რომ შევაგროვოთ თანხა, იქნებ, გადარჩეს ადამიანი. ეს არ არის სწორი გამოსავალი, რადგან მედიკამენტი არის ლიმიტირებული ოდენობით, იმ დიდ კლინიკებში, სადაც ყველაზე მძიმე პაციენტები არიან კონცენტრირებული და ამ კლინიკებთან დაკავშირებას ჩვენ ვახერხებთ იმგვარად, რომ მოხდეს პაციენტის გადანაწილება იქ, სადაც ეს პრეპარატი არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.