თამარ გაბუნია - სწავლის დაწყების გადავადების პროგნოზის საფუძველი არ არსებობს, ვირუსის შიდა გავრცელების ნიშნები არ გვაქვს
დღეის მდგომარეობით, რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ სკოლისა და სწავლის დაწყების გადავადების პროგნოზი გავაკეთოთ, ნამდვილად არ არსებობს, რადგან არანაირი ნიშანი ვირუსის შიდა გავრცელების არ გვაქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
„სიტუაცია ყოველდღე იცვლება და ამდენად, უნდა დავაკვირდეთ. მაგრამ, დღეის მდგომარეობით, უნდა დაიწყოს სკოლა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილებს, ზოგადად, რეკომენდაცია ისეთია, სადაც შესაძლებელია, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სხვა სივრცეებშიც, უნდა გამოვიყენოთ ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდები. განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, ამ მოდელზე თავად ჩამოყალიბდებიან და საკუთარ პოზიციას საზოგადოებას გააცნობენ, მაგრამ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ, უკეთესი იქნება და დაცვის ერთ-ერთი ფორმაც არის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გაბუნია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები ჭარბობს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, უფრო ხშირად და თითქმის 95 პროცენტის შემთხვევაში, გვაქვს იმპორტირებული შემთხვევები. იშვიათია, როცა შემთხვევა ვლინდება უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს შორის.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია. ჯერჯერობოთ, არ არსებობს შიდა გადაცემის ნიშნები. ამდენად, საფრთხე მინიმალურია ამ თვალსაზრისით. ეს ყველაფერი იმ ფონზეა, რომ წესების დაცვა ხდება. წესები ეხება როგორც სამუშაო ადგილებს, ასევე ზოგადად, საზოგადოებრივი აქტივობის ადგილებს.
თუ ამ ტენდენციების პირობებში ასეთი რეჟიმი შენარჩუნდება, კეთილსაიმედო პროგნოზია მოსალოდნელი და განგაშის საფუძველი არ არის, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, რადგან იხსენება საზღვრები, მოსალოდნელია მეტი შემოდინება უცხო ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდანაც, სადაც ეპიდსიტუაცია ჩვენთან შედარებით უფრო რთულია. მნიშვნელოვანი იქნება იმ ზომების დაცვა, რაც რეკომენდირებულია მოგზაურობისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.