თამარ გაბუნია - სერვისი, რომელიც მიიღო მაკო გომურმა უცხოეთში და საქართველოში, სრულად დაფინანსდა ჯანდაცვის სამინისტროს სახსრებით, თუ დღეს სჭირდება დახმარება, ასევე სრულად იქნება დაფარული
ჯანდაცვის სამინისტროსთვის აქამდეც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის სერვისი, რომელიც მიიღო როგორც უცხოეთში, ასევე ჩვენს ქვეყანაში, სრულად დაფინანსდა ჯანდაცვის სამინისტროს სახსრებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივნისის აქციისას დაზარალებულ მაკო გომურს თუ დღეს აქვს დახმარების საჭიროება, ასევე სრულად იქნება დაფარული.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი აუცილებლად იქნება მასთან კომუნიკაციაში, ისევე როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მეც და ყველა ის თანამშრომელი, ვინც შესაძლოა, ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საკითხში.
აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას უწყება შეისწავლის, მაგრამ ამ მომენტისთვის არანაირ შეფერხებას არ ველოდებით. სახელმწიფოს მხარეს არის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, როგორც ფინანსურად, ასევე სხვა ნებისმიერი კუთხით, ეს საკითხი ძალაშია და ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.