თამარ გაბუნია - კანონი და სხვა ეთიკური ნორმები სრულად უშვებს მანდატორული ვაქცინაციის შესაძლებლობას, თუმცა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გადაწყვეტილება თავად მიიღოს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი აყენებს საკითხს ძალიან მკაცრად, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ ვაქცინაციით მაქსიმალური მოცვა გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე: „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოწოდება იყო, მათ შორის ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მხარს დაუჭერს ზოგიერთ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაციას. ხომ არ მოხდა პოზიციების შეჯერება თქვენს უწყებასთან“, გაბუნიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულ მოქალაქეს და პროფესიონალს მიეცეს საშუალება, თავად გადაწყვიტოს აცრა და გააცნობიეროს სარგებელი, რაც ვაქცინაციას შეიძლება, უკავშირდებოდეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით მაინც მნიშვნელოვანია, თითოეულ მოქალაქეს, ასევე პროფესიონალს, იმ ჯგუფებს, თუნდაც სამედიცინო პერსონალს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავად მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე და ბოლომდე გააცნობიეროს სარგებელი, რაც ვაქცინაციას შეიძლება, უკავშირდებოდეს. თუმცა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონი და სხვა ეთიკური ნორმები, რაც ამ სფეროს არეგულირებს, სრულად უშვებს მანდატორული ვაქცინაციის შესაძლებლობას. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მეტი დრო უნდა მივცეთ ყველა პროფესიას, ასევე ბიზნესს, რათა თავად მოერგონ ვაქცინაციის პროცესს და მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.