თამარ გაბუნია - საქართველოში 100 ინფიცირებულიდან ლეტალობა მოსალოდნელია ერთ ან ორ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ სიკვდილიანობის კუთხით მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება
საქართველოში 100 ინფიცირებულიდან ლეტალობა მოსალოდნელია ერთ ან ორ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ სიკვდილიანობის კუთხით მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი თითქმის ნარჩუნდება იმავე დონეზე.
„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაისის პიკის შემდეგ, გარკვეული დაღმასვლა შეინიშნება. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას, პროპორციული რაოდენობა საერთო კოჰორტაში არის 1.4 პროცენტი. თითქმის ნარჩუნდება იმ დონეზე, რაც ეპიდემიის განმავლობაში იყო.
აქ სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, ხომ არ არის ეს რაღაცა ნიშანი, რომ ცირკულირებს სახეცვლილი ვარიანტი ან რაიმე სახის ხარისხობრივი ხარვეზი ხომ არ იკვეთება შემთხვევების მართვაში. კლინიცისტებს შემთხვევების მართვის კუთხით დღეს გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ეს იყო ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში. გაუმჯობესებულია მართვის პრაქტიკა, ხელმისაწვდომობა დამხმარე საშუალებებზე, მედიკამენტებზე, სუნთქვის აპარატებზე და ნებისმიერ სხვა კლინიკურ საშუალებაზე“, აღნიშნა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების კლინიკური აუდიტი ხორციელდება.
მიმდინარე პერიოდში ჩვენ რამდენჯერმე ჩავატარეთ გარდაცვალების შემთხვევების კლინიკური აუდიტი. აქ ისევ საყურადღებოა ის მდგომარეობები, რომელიც გარკვეულწილად მძიმე ფონური ქრონიკული დაავადებების ფონზე ვითარდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ სიკვდილიანობის კუთხით პრობლემა და მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება, თუმცა რა თქმა უნდა საყურადღებოა და შევხედავთ იმ შედეგებს, რომელიც კლინიკური აუდიტის შედეგად გამოვლინდება.
ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, 100 ინფიცირებული ადამიანიდან ლეტალობა მოსალოდნელია ერთიდან ორ შემთხვევაში. ეს შესაძლოა, იყოს მძიმე ქრონიკული დაავადებების ფონი, მოულოდნელი გართულება ან რაიმე სხვა მიზეზი, რისი შესაძლებლობაც უბრალოდ, ჯანდაცვის სისტემას არ აქვს, ვიდრე არ იქნება კონკრეტული მიზნობრივი მკურნალობა კოვიდის წინაღმდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში რისკის ფაქტორი აუცილებლად დარჩება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი განცხადებით, საქართველოს იმის პრობლემა არასდროს ჰქონია, რომ პაციენტი სამედიცინო სერვისის გარეშე დარჩენილიყო, როდესაც ამის საჭიროება ჰქონდა.
„ჩვენ იმის პრობლემა არასდროს გვქონია, რომ პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო სერვისი, მის მიღმა დარჩენილიყო. ჩვენ ინდოეთის მიმდინარეობას ვადევნებდით თვალს და ძალიან მძიმე სურათები ვრცელდებოდა. მართვის პრაქტიკა და მოდელი დაიხვეწა. თავიდან გაურკვევლობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო, თუმცა, იმ პერიოდში საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირების შემთხვევები ძალიან დაბალი იყო და ამდენად ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი არც ერთ ეტაპზე არ მივიღეთ. საუბედუროდ არის ლეტალობის გარდაუვალი შემთხვევები, რომლის მართვა დღეს მედიცინას არ ძალუძს.
ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ თუ მედიკამენტოზური მართვის კუთხით სიახლე გაჩნდება, ჩვენი პაციენტებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. ახლა მიმდინარეობს მუშაობა კომპანია „გილიადთან“. დონაციის სახით მათგან მივიღებთ დამატებით „რემდესივირს“. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჯანმოს ავტორიზაცია „რემდესივირს“ არ აქვს, მისი გამოყენების გამოცდილება ჩვენ ინდივიდუალურ შემთხვევებში გვაქვს. ასევე, მიდის მუშაობა რამდნიმე მწარმოებელთან მონოკლონური ანტისხეულების მიღებასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა გაბუნიამ.