თამარ გაბუნია - ვაქცინების დამატებით დაფინანსების მოზიდვის მიზნით, საქართველო ამ კვირაში დაასრულებს მოლაპარაკებას მსოფლიო ბანკთან
ყველა მომწოდებელთან ჯანდაცვის სამინისტრო ოპერირებს გაუთქმელობის ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ფასის გაზიარების საშუალებას რა თქმა უნდა, არ გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ვაქცინების ფასებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო დიპლომატიური არხების საშუალებით იყენებს უშუალოდ მწარმოებელთან მოლაპარაკების მექანიზმებს.
„საქართველო დიპლომატიური არხების საშუალებით იყენებს უშუალოდ მწარმოებელთან მოლაპარაკების მექანიზმებს. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური ფასი არის გათვალისწინებული ხელშეკრულებებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიმწოდებლებთან. პროცესი არის მაქსიმალურად თავისუფალი ნებისმიერი კორუფციული რისკებისგან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, ამ კვირაში საქართველო დაასრულებს მოლაპარაკებას მსოფლიო ბანკთან ვაქცინების დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
„ამ კვირაში საქართველო დაასრულებს მოლაპარაკებას მსოფლიო ბანკთან ვაქცინებისთვის დამატებითი დაფინანსების მოზიდვისთვის. ასევე, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები და პრაქტიკულად მალე დაიწყება პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინების მობილიზებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.