თამარ გაბუნია - სამინისტრო მუშაობს, რათა „დიარჯი“ სისტემა უფრო მოქნილი გახდეს, რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვა, განაცხადეს, რომ ინტერესი არ აქვთ
თამარ გაბუნია - სამინისტრო მუშაობს, რათა „დიარჯი“ სისტემა უფრო მოქნილი გახდეს, რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვა, განაცხადეს, რომ ინტერესი არ აქვთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის – თამარ გაბუნიას განაცხადებით, საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელის, ე.წ. დიარჯი სისტემის ამოქმედებიდან ჯერ მცირე დროა გასული, რომ დასკვნები გაკეთდეს.

მისივე თქმით, კლინიკებში ამ სისტემაზე გადაწყობის პროცესი მიმდინარეობს. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა ე.წ. დიარჯი სისტემა უფრო მოქნილი გახდეს.

„„დიარჯი“ სისტემა გაეშვა პირველ ნოემბერს. სულ 20 დღეა გასული. აქტიურად მივყვებით პროცესს და ვიღებთ რეკომენდაციებს, შენიშვნებს ექიმებისგან, კლინიკის მენეჯმენტისა და პაციენტების მხრიდან. თვის ბოლოსთვის უკვე გვექნება პირველი პაკეტი იმ გაუმჯობესებისა, რომლის საჭიროებაც ამ პერიოდში გამოიკვეთა. ძალიან მცირე დროა გასული, რომ დასკვნები გაკეთდეს, თუმცა სამინისტრო არის სამუშაო პროცესში, რათა სისტემა უფრო მოქნილი გახდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვა.

„რამდენიმე კლინიკამ ნამდვილად დატოვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუმცა მათი რაოდენობა ბევრი არ არის, რეალურად, ერთეულია. ისინი მანამდეც ლიმიტირებული ჩართულობით მონაწილეობდნენ სახელმწიფო პროგრამაში. გაკეთდა განცხადება, რომ პროგრამაში მუშაობის გაგრძელების ინტერესი არ აქვთ, რაც, რა თქმა უნდა, მათი არჩევანია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.