თამარ გაბუნია - საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას ბევრი მოქალაქე თავს არიდებს და პერსონალს მათი დაყოლიებისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება
ბევრი მოქალაქე კვლავ თავს არიდებს საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას და პერსონალს დიდი ძალისხმევა სჭირდება მათი დაყოლიებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს.
გაბუნია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ როგორც თვითიზოლაციის, ისე საკარანტინო სივრცეებში განთავსების კუთხით.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მომზადება იტალიაში მყოფი მოქალაქეთა ჯგუფის გადმოსაყვანად, რათა შეიქმნას საკმარისი საკარანტინო ადგილები მათ განსათავსებლად. მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა ეს პირი საჭიროებს მეთვალყურეობას, იზოლაციასა და საკარანტინო სივრცეში განთავსებას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. ამასთან, საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში ჩამოყვანას, რომლებიც უახლოეს ორ კვირაში გეგმავდნენ იტალიიდან პირდაპირი ავიარეისით ჩამოსვლას, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.