თამარ გაბუნია - საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტების დონეზე საქართველოში ჯერ არ დაწყებულა, ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება.
გაბუნიას განმარტებით, ქვეყანამ ზოგიერთი სახის მედიკამენტი მიიღო, თუმცა დღეს ისინი კვლევის პროტოკოლში აღარ არის.
„სოლიდარობის კვლევასთან“ დაკავშირებით, ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება. ქვეყანაში სამი ჯგუფისთვის მედიკამენტები ჩამოვიდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც ჩამოვიდა, უკვე კვლევის პროტოკოლიდან გაქრა. გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე რეალურად გაეშვება „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტის დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაბუნიას განმარტებით, დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ.
„საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ, რომ ყოფილიყო კვლევა გაშვებული. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევრები ჩამოყალიბდებიან იმ პროტოკოლზე, რითიც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამას გავიზიარებთ. ჯერჯერობით წამალი არის, მაგრამ კვლევაში აქტიური პაციენტები ჩართულები არ არიან“, – განაცხადა გაბუნიამ.