თამარ გაბუნია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
თამარ გაბუნია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი იმუნიზაციის პროცესს გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესში 150 სამედიცინო დაწესებულება და 300-მდე ამცრელი ბრიგადაა ჩართული.

მათივე ცნობით, თითო ბრიგადის გამტარუნარიანობა 8-საათიანი გრაფიკით სულ მცირე 60 პაციენტია.

„კლინიკებთან ერთად, ვაქცინაცია სპეციალურად მოწყობილ ამცრელ ცენტრებშიც იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციის ახალი ცენტრი უკვე მზად არის „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზეც. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 14 43-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ვაქცინაციის ოფიცრების პროექტს ახორცილებს. ინოვაციური პროექტი სამედიცინო სტუდენტებისა და რეზიდენტების იმუნიზაციის პროცესში ჩართულობასა და ვაქცინაციის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.

„ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობა რაც დღეს მოქმედებს საკმარისია იმისთვის, რომ დღეში 20 000-დან 25 000-მდე აცრა შესრულდეს. გარდა ამისა, „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ვაქცინაციის ახალი ცენტრი უკვე მზად არის, სადაც 7-მდე ბრიგადას ექნება ფუნქციონირების შესაძლებლობა, ასევე მობილიზებულია დიდი სივრცეები, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მთავარია, მოქალაქეების მხრიდან იყოს აქტივობა. დილის მონაცემებით, „სინოფარმის“ ვაქცინაზე 20 000-ზე მეტი ჯავშანი განხორციელდა. ასევე გააქტიურებულია 15 22-ის და 14 43-ის ცხელი ხაზი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ .

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.