თამარ გაბუნია - ქვეყანა სერიოზულ სამუშაოს აწარმოებს პარტნიორებთან, ვინც შესაძლოა, ვაქცინის მოწოდებაში დაგვეხმაროს
ქვეყანა ძალიან სერიოზულ სამუშაოს აწარმოებს იმ პარტნიორებთან, ვინც შესაძლოა, ვაქცინის მოწოდებაში დაგვეხმაროს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 6 იანვრის წერილით ქვეყანამ მიიღო მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოემზადოს და გამოხატოს თავისი სურვილი, კონკრეტულად „ფაიზერის“ ვაქცინის დანერგვასთან მიმართებაში.
კითხვაზე, „ლელოს“ წევრებმა დღეს აღნიშნეს, რომ გაცხადება, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში „კოვაქს პროგრამის“ გავლით შემოვა, ტყუილია, რადგან „ფაიზერმა“ უარი განაცხადა „კოვაქს პროგრამაში“ ჩართვაზე, თამარ გაბუნიამ აღნიშნა: „მეც ვურჩევ სწორი ინფორმაციის მოწოდებას ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში ასე უხეშად და უპასუხისმგებლოდ ერევა, რადგან ქვეყანა ძალიან სერიოზულ სამუშაოს აწარმოებს იმ პარტნიორებთან, ვინც შესაძლოა, ვაქცინის მოწოდებაში დაგვეხმაროს“.
მისივე თქმით, კოვაქსის პლატფორმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, „იუნისეფი“ და ე.წ. გავის ალიანსი, ეს არის ის პარტნიორი მხარეები, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები არიან.
„საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იქნება, რომლის განცხადებასაც განიხილავენ. რა თქმა უნდა, გარანტირებული არაფერი არ არის, თუმცა ჩვენი განაცხადი განხილული იქნება და უკვე თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვექნება პასუხი რამდენად მივიღებთ ჩვენ ყველაზე ადრე „ფაიზერის“ ვაქცინას. ეს პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა შეუძლია ნახოს, რა და როგორ ხდება. გაიგოს ჩვენგან ასევე სხვა წყაროებიდან, თუ რა პროცესები დ რა ეტაპები უნდა გაიაროს ქვეყანამ, რათა ვაქცინა დროულად შემოვიდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, 15 იანვარს სამინისტროში ვაქცინაციის კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდება, რომელიც ვაქცინის დანერგვის გეგმას განიხილავს.
„ესეც არის ერთ-ერთი პირობა, რათა ქვეყანამ ვაქცინაცია დროზე დაიწყოს, სადაც ყველა ეს დეტალი „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ ასევე სხვა მოსალოდნელი ვაქცინების დარგვის პროცედურები და საჭიროებები განსაზღვრულია. ეს გეგმაც გაიგზავნება უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, რათა მათგანაც მივიღოთ შესაფერისი რეკომენდაციები თებერვლისთვის სრული მზაობის უზრუნველსაყოფად“, – განახცადა გაბუნიამ.