თამარ გაბუნია - პრაქტიკულად, არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ რომელიმე ოჯახის ექიმი, მით უმეტეს, ექთანი უმუშევარი დარჩეს
პრაქტიკულად, არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ რომელიმე ოჯახის ექიმი, ან მით უმეტეს, ექთანი უმუშევარი დარჩეს, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანის შეკითხვას, ემუქრება თუ არა სამსახურის გარეშე დარჩენა იმ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს, რომლებიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
„სამედიცინო სფეროში ძალიან გავრცელებულია ორმაგი და სამმაგი დასაქმების პრაქტიკა და ბევრი ოჯახის ექიმი, რომლებიც ამ 56 დაწესებულებაში არიან დასაქმებულნი, სხვაგანაც მუშაობს. ამდენად, ძალიან მცირეა იმის მოლოდინი, რომ რომელიმე ოჯახის ექიმი ამ ცვლილების შედეგად უმუშევარი დარჩეს. ჩვენ აქტიურად ჩავერევით ამ პროცესში. იმიტომ, რომ დღეს, „კოვიდის“ მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტროს თავად აქვს ოჯახის ექიმების კიდევ დამატებით დასაქმების საჭიროება. თუნდაც, საკარანტინო სივრცეებში და ასევე არის დიდი საჭიროება მცირე ზომის რაიონულ საავადმყოფოებშიც. ამდენად, პრაქტიკულად, არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ რომელიმე ოჯახის ექიმი, ან მით უმეტეს, ექთანი უმუშევარი დარჩეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს 56 დაწესებულება, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მცირე იყო.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას აქვს ოჯახის ექიმებისა და ექთნების მწვავე დეფიციტი.
„დღეს ჩვენ გვაქვს ოჯახის ექიმებისა და ექთნების მწვავე დეფიციტი და არა ის, რომ რომელიმე ოჯახის ექიმი ან ექთანი უმუშევარი დარჩეს. მოსახლეობა, რომელიც სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადმონაწილდება, რა თქმა უნდა, საჭიროებს მომსახურე პერსონალს. ანუ, ექიმი იქ უნდა დასაქმდეს და ამის მზაობა არის იმ დაწესებულებებში, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებენ. ეს დაწესებულებები პირიქით, წუხილს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენჯერმე გამოაცხადეს ვაკანტური პოზიციები და ოჯახის ექიმებისგან გამოხმაურება არ იყო, რადგან როგორც ჩანს, ოჯახის ექიმები ბაზარზე საკმარისი რაოდენობით არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის სწორად მოწყობა დღევანდელ სიტუაციაში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე იყო.
„ჩვენ კარგად დავინახეთ, „კოვიდის“ გამოწვევასთან მიმართებით რაოდენ სერიოზული როლი შეიძლება, ითამაშოს პირველადმა ჯანდაცვამ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.