თამარ გაბუნია - პირბადის გამოყენების მაჩვენებელი არის 28 პროცენტი, მობილობა გაზრდილია, მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პასუხი და მაკონტროლებელი ღონისძიებები საკმარისი არ არის
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მეცნიერებისთვის და მედიცინისთვის ცნობილია ჯანდაცვის სისტემის მხარეს ეპიდემიაზე პასუხისთვის, სრული მასშტაბით გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში, დაწყებული დიაგნოსტიკური შესაძლებლობებიდან, დასრულებული მკურნალობის შესაძლებლობებით და ვაქცინაციით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოქალაქეებსაც. საკითხზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღესდღეობით პირბადის ტარების მაჩვენებელი 28 პროცენტზეა, რაც საკმარისი არ არის.
„რაც შეეხება პანდემიის მართვას, ბუნებრივია, მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პასუხი და თუნდაც მაკონტროლებელ ღონისძიებებზე ზემოქმედება, მაკონტროლებელი ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, რაც ბოლო პერიოდში გვქონდა. დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი არის 28 პროცენტი, მობილობა ჩვეულებრივთან შეადრებით, გაზრდილია ორი პროცენტით, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ბუნებრივია, სრული კონტროლის შესაძლებლობას არ მოგვცემს. ზომები, რაც ჩვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი ძალისხმევით უნდა აღსრულდეს და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ კონტროლირებად სიტუაციას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილი მობილობა ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მხოლოდ მაკონტროლებელი ღონისძიებები ვერ გამოიღებს შედეგს, თუ მოქალაქეებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა არ გაიაზრეს.
„აღსრულების ნაწილი, რა თქმა უნდა, არის შინაგან საქმეთა სამინიტროს, ასევე შრომის ინსპექციის პასუხისმგებლობა, რომლებიც ამაში დებენ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას. არ არის საკმარისი ეს ძალისხმევა, თუ არ მოხდა საზოგადოებრივი აქტივობა და გაზიარებული პასუხიმგებლობა. სამი მილიონი ადამიანის კონტროლი თეორიულადაც შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდის მაღალი მობილობა და გარკვეულწილად პოლიტიკური მოვლენები, რაც აქციების სახით იმართება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ბუსტერი“, – აღნიშნა გაბუნიამ.