თამარ გაბუნია - შედარებითი სტაბილიზაცია, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან
თამარ გაბუნია - შედარებითი სტაბილიზაცია, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან

შედარებითი სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკიდურესი დატვირთვით მუშაობდა ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან. ამდენად, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც უკიდურესად გადაღლილია ბოლო პერიოდის მოვლენებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაინტერესებულია იმით, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს და ჰქონდეთ, გარკვეულწილად, სტაბილიზაციის და იმ პირობებში მუშაობის გაგრძელების საშუალება, რისი შედეგიც და საშუალებაც ამ შეზღუდვების შედეგად შემთხვევების მცირედი კლების ტენდენციამ მოგვცა. რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი, რადგან შეზღუდვები გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა, ათი დღე გარკვეულწილად საბოლოო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.