თამარ გაბუნია - ორსულებში ვაქცინაცია ძალიან მაღალი არ არის, მათი მხრიდან სასურველია მეტი აქტივობა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა წელს გაცილებით მეტია.
მისივე თქმით, ორსულთა ვაქცინაცია აუცილებელია. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ამ კუთხით ქალბატონების აქტიურობა საკმარისი არ არის.
„ორსულებში „დელტა“ შტამის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფი იყო. გასულ წელს იყო 1 300-მდე კოვიდინფიცირებული ორსული, აქედან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა. წელს ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობამ თითქმის 5 000-ს მიაღწია. გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0.3 პროცენტი, რაც საერთო სიკვდილობასთან შედარებით ბუნებრივია, დაბალია, მაგრამ თითოეული ორსულის გარდაცვალება ძალიან მძიმე შემთხვევაა.
ორსულების ვაქცინაცია მიმდინარეობს, აქტივობა არის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ორსულებში ვაქცინაციით მოცვა ძალიან მაღალია. ჯერჯერობით ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ „ფაიზერით“, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონები აიცრნენ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, შემდეგ დადგა ორსულობა და მეორე დოზაზე მათ მოგვმართეს, რათა შეეცვალათ ვაქცინა. ექსპერტების ჯგუფის დასკვნით, მათ მიეცათ საშუალება, რომ აცრილიყვნენ „ფაიზერის“ ვაქცინით. ორსულების მხრიდან, რა თქმა უნდა, მეტი აქტივობაა სასურველი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.