თამარ გაბუნია - ორი-სამი დღის განმავლობაში მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს
გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები გააქტიურებულია.
„კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური, ასევე ნებისმიერი სხვა პროცესების განვითარების კუთხით. შემთხვევების რაოდენობა უკვე აღემატება 1800-ს, ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე.
გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიწია დამატებით საწოლების მობილიზება. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ამ შემთხვევაში, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა შეფერხების გარეშე განხორციელდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.