თამარ გაბუნია - ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ახალ სქემას, რომლის მიხედვითაც ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.
მისივე თქმით, სქემას უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ.
„60 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ჩვენთვის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია ჩაუტარდეს ყველა მოქალაქეს, რომელიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში. აქ არის ყველაზე მაღალი გართულებები და არასასურველი გამოსავლების რისკი. ოჯახის ექიმი და ექთანი როგორც სოფლად, ასევე ქალაქში არის ყველაზე ახლოს ამ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებთან. მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადება, ისინი ოჯახის ექიმებს იცნობენ. ამდენად, ჯანდაცვის სამინისტრო დღეს-ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების მეტად ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში და შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის ამ მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას, აიცრება, შესაბამისად მოხდება ოჯახის ექიმის და ექთნის ანაზღაურება, რათა მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და მეტად აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა. რა თქმა უნდა, ასევე გამოიყოფა ადმინისტრაციული რესურსი, რომე მეტად აქტიურად მოხდეს უბანზე მუშაობა. ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება, რომ დაბალი ტემპი რაც გვაქვს 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, დაიფაროს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.