თამარ გაბუნია - მზად ვართ, ვიმსჯელოთ, როგორ იქნება ყველაზე ეფექტური მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, მწვანე საშვის მექანიზმს არაერთი ქვეყანა იყენებს. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს მექანიზმი დაინერგოს საქართველოშიც.
როგორც გაბუნია განმარტავს, მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედებამდე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
„ვაქცინაციის პროგრამის ხელშეწყობისთვის მარეგულირებელ მექანიზმებს ევროკავშირის ბევრი ქვეყანა იყენებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მწვანე საშვის მექანიზმს. ჩვენთან ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვეტილება მიიღოს, რა ინტერვენციას ჩაიტარებს და ვაქცინას გაიკეთებს, თუ არა, თუმცა მეორე მხრივ, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, როდესაც მიდის სამუშაო ან ბიზნესგარემოში, სოციალურ ღონისძიებაზე, დაცული იყოს ეპიდემიური რისკებისგან. ამდენად, აქ არჩევანის საფუძველზე, ვაქცინაცია ან „პისიარ“ ტესტირება, ამ შემთხვევაში უფლებრივი საკითხები დაბალანსებულია და ჩვენ მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციები მაქვს მხედველობაში, ვინც გვეხმარებიან ჩვენ ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მზად ვართ, ვიმსჯელოთ მექანიზმზე, როგორ იქნება ყველაზე ეფექტური მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება უფლებრივი საკითხების დაცვისა და აღსრულების ნაწილის სწორად შესრულების, მონიტორინგის გზით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მან პანდემიის პირობებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„დაახლოებით 80 % მაინც უნდა იყოს დაფარული ვაქცინაციით, რათა ჩვენ შევძლოთ, შეზღუდვების გარეშე გავაგრძელოთ სტაბილური ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობა “, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდსაშვის ონლაინპლატფორმა შექმნა. პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდ სტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.