თამარ გაბუნია - მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროა მოზარდებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით
მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროა მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საბჭო იმსჯელებს იმ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც, რომლებსაც აქვთ თანხმლები დაავადებები. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე 12-დან 16 წლამდე მოზარდები აიცრან.
„მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით. არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან მოგეხსენებათ, ჩვენც ვიწყებთ აცრებს, ხოლო მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ მომდევნო კვირაში. შესაძლებელია, ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ.
უკვე შეიქმნა იმის პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრან 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.