თამარ გაბუნია - მომავალ წელსაც მოგვიწევს ვაქცინაციისთვის გარკვეული რესურსის მობილიზება, მიმდინარეობს მსჯელობა მესამე, ე.წ. ბუსტერი დოზის თაობაზე
თამარ გაბუნია - მომავალ წელსაც მოგვიწევს ვაქცინაციისთვის გარკვეული რესურსის მობილიზება, მიმდინარეობს მსჯელობა მესამე, ე.წ. ბუსტერი დოზის თაობაზე

მომავალ წელსაც მოგვიწევს ვაქცინაციისთვის გარკვეული რესურსის მობილიზება. უკვე მიმდინარეობს მსჯელობა მესამე, ე.წ. ბუსტერი დოზის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ამასთან, წელს გვაქვს სამიზნე, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრას. თუმცა, 60 პროცენტი არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის დანარჩენი, 40 პროცენტი არ აიცრას. მომავალ წელსაც უნდა გაგრძელდეს ვაქცინაციის პროგრამა, ანუ გარკვეული რესურსი წლევანდელი ინვესტიციის შემდეგ, კვლავაც საჭირო იქნება, რათა უკვე სრული კონტროლი მივიღოთ ვაქცინაციაზე. შემდეგ უკვე მეცნიერება გვეტყვის, რამდენად იქნება საჭირო კიდევ დამატებითი ინვესტიცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება. კერძოდ, ყველზე მეტად, 600 მილიონი ლარით დაფინანსება ეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანი ბიუჯეტი კი, 6.1 მილიარდი ლარი გახდება.