თამარ გაბუნია - მოლოდინი გვაქვს, რომ დამატებითი პირობა, რომელსაც „ფაიზერი“ გაგვიზიარებს, შესრულდება და შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისივე თქმით, გაიმართება სატელეფონო კონსულტაციები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს.
ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, მოლოდინი აქვთ, რომ დამატებითი პირობა, რომელიც „ფაიზერთან“ სატელეფონო კონსულტაციის დროს იქნება გაზიარებული, შესრულდება და საქართველო შეპირებულ ვაქცინას მოკლე ხანში მიღებს.
„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კვლავაც იყო საუბარი ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით. თუ რას ველოდებით უახლოეს პერიოდში კონკრეტულად „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით. თანხა გადახდილია და ალბათ მოწოდება უახლოეს პერიოდში დასრულდება. მოწოდების ზუსტ თარიღს გვაცნობებენ.
„ფაიზერთან“ მიმართებით ისევ საკონსულტაციო სატელეფონო ზარი უნდა ჩაინიშნოს, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, „კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე ხანში გადავადება აღმოიფხვრება და დამატებითი პირობა, რომელსაც „ფაიზერი“ სატელეფონო კონსულტაციის დროს გაგვიზიარებს, შესრულდება და ჩვენს შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.