თამარ გაბუნია - მოძრავი ამცრელი პუნქტები წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, პუნქტების დამატება იგეგმება რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, რაზეც ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ცხადყოფს.
„დღევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით 1 000 ერთეულით არის ნაკლები გასული კვირის სამშაბათის მაჩვენებელზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ მოძრავი ამცრელი პუნქტები თბილისში წარმატებული აღმოჩნდა, რის გამოც მსგავსი პუნქტების მოწყობას რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც გეგმავენ.
„ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ემატება ამცრელი წერტილები და მოძრავი ამცრელი პუნქტები, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, ასევე იგეგმება მათი გააქტიურება სხვა ქალაქებში, რუსთავია ამ ეტაპზე გეგმაში. ასევე, ვფიქრობთ, რომ ქუთაისსა და ზუგდიდშიც დაემატოს ამცრელი პუნქტები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.