თამარ გაბუნია - მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს და ამას გავაგრძელებთ
ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს და ამას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ვაქცინაციაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად დამატებით მობილიზდება ამცრელი ბრიგადები.
მისივე თქმით, ზოგიერთი კლინიკა მზად არის, დროებით შეაჩეროს სხვა სერვისი და სრულად გადაეწყოს ვაქცინაციის სერვისზე.
„ფაიზერის“ ჯავშნები, რომელიც გუშინ შესრულდა, დაახლოებით ქმნის 7 500 -მდე აცრას. ჩვენი მიზანია ამ რაოდენობის გაზრდა და გვინდა ავიდეთ 15 ათასი „ფაიზერით“ აცრაზე. ამისთვის დამატებით მოხდება ბრიგადების მობილიზება, ზოგიერთი კლინიკა მზად არის, რომ დროებით შეაჩეროს სხვა სერვისი და სრულად გადაეწყოს ვაქცინაციის სერვისზე. ეს ყველაფერი მოხდება აგვისტოს პირველ კვირაში.
გვინდა, რომ აგვისტოს ბოლომდე შევქმნათ „ფაიზერით“ რეგისტრირებულთა დიდი ჯგუფი, ასევე სხვა ვაქცინებითაც გაგრძელდება იმუნიზაცია, რადგან მიმდინარე პერიოდში საკმაოდ აქტიურია „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და 25-30 ათასი ადამიანი ავცრათ დღეში. ამ დროისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია გადაუდებელი საჭიროების რეაგირება, მომავალში თბილისში არის ასევე დიდი ზომის, კარგად მომზადებული პოლიკლინიკები, რომლებსაც ბავშვთა იმუნიზაციის დიდი გამოცდილება აქვთ და შესაძლებელია მათი ჩართვაც „ფაიზერით“ ვაქცინაციაში. რაც შეეხება მოლებს, დღეს მოქმედებს „ლილოს“ და „ჰუალინგის“ მოლი, სადაც ხდება „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.