თამარ გაბუნია - „კოვაქსის“ პლატფორმაზე იდენტიფიცირებულია 18 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომელიც მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ალოკაციის სქემა 140 ქვეყანას მოიცავს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები პირველ ეტაპზე მიეწოდება.
გაბუნიას განმარტებით, მათგან იდენტიფიცირებულია 18 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინასთან დამატებითი პირობის დასაზუსტებელი კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება.
„გუშინ „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა „ასტრაზენეკასთვის“ და „ფაიზერისთვის“. 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის, აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. „ფაიზერის“ ვაქცინასთან დამატებითი პირობის დასაზუსტებელი კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება და შემდეგ გვექნება საშუალება, კონკრეტულად ვისაუბროთ მოწოდების ვადებზე. რაოდნეობა რჩება ის, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული – 29 250 დოზა, სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, კონკრეტულად როდის შემოვა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, გაბუნიას ინფორმაციით, „ასზტრაზენეკას“ ალოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც საქართველომ მაისის ბოლომდე უნდა მიიღოს.
„საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვლში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 144 000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 314 000 დოზამდე. თუმცა ეს რაოდნეობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“აზუსტებს, რომ, რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქარათველოსთვის გამოყოფილი ვაქცინის დოზების შემცირებას.
ივნისში მისაღები რაოდენობა დამატებით დაზუსტდება. ამდენად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მაისის ჩათვლით მისაღებ რაოდენობებზე, რომლის მოწოდებაც უკვე მალე უნდა დაიწყოს. ჩვენ ამის თანხა სრულად გვაქვს გადახდილი და ველოდებით კონკრეტულად ავიარეისის თარიღს, როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინა.
„ასტრაზენეკასთანაც“ 150 000 დოზაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, გარკვეულწილად გართულდა ვაქცინების განაწილება, რადგან „კოვაქსმა“ ძალიან აქტიურად მოითხოვა თავისთვის კუთვნილი და გარანტირებული დოზები. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით აქტიურად მიდის მოლაპარაკებები. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ეს საკითხიც უკვე საბოლოოდ დაზუსტდება და დოზებს, რომელზეც მუშაობა დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს, ქვეყანა უმოკლეს პერიოდში მიიღებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.