თამარ გაბუნია - კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წესების დაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალისა და 65 წლის ზემოთ პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
„როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. დღეს, 18:00 საათიდან იქნება რიგის დაჯავშნის შესაძლებლობა როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობისთვის. 15 აპრილიდან დამატებით ხელმისაწვდომია „ფაიზერის“ დაახლოებით 3 000 დოზა, რათა ჯავშანი გაკეთდეს და ვაქცინაცია ჩაიტარონ იმ პირებმა, რომლებიც შედიან პრიორიტეტულ ჯგუფებში. ამის პარალელურად, გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინითაც. როგორც დაანონსებულია, 5 აპრილიდან შეიქმნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ პირებისთვის და ესენიც დაემატებიან პრიორიტეტული ვაქცინაციის სიას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც რა თქმა უნდა, ცალსახად საყურადღებო მაჩვენებელია. შემთხვევები გარკვეულწილად იმატებს, ამდენად ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესგარემოში წესების დაცვა და პირადი დაცვის საშუალებები, პირბადე, ხელის დეზინფექცია, სოციალური დისტანცია და აქტიური ტესტირების პროგრამის ისევ და ისევ გაგრძელება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ამასთან, ვაქცინაციაზე საუბრისას გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ კუთხით შედარებით დაბალია აქტიურობა რეგიონებში.
ეს იქნება ჩვენთვის შემთხვევების მატების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობის კუთხით საკმაოდ კარგი აქტივობა შეინიშნება. უკვე 8000-მდე ადამიანია ვაქცინირებული. რეგისტრირებული ორივე ვაქცინაზე არის 10 000-ზე მეტი ადამიანი, რაც თავისთავად საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი და აქტივობა მეტად გაიზრდება. მეტი აქტივობაა საჭირო რეგიონებში. უმეტესწილად რეგისტრაცია აღინიშნება თბილისში და დიდ ქალაქებში, ქუთაისში, ბათუმში, თუმცა რეგიონულ ცენტრებში აქტიურობა არის შედარებით დაბალი. ამ კვირას ჩატარებული საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დანაკარგი, თუ ვინმე არ გამოცხადდება ან არ არის საკმარისი რაოდენობა ვაქცინაციისთვის, რათა ბოლომდე გაიხარჯოს „ფაიზერის“ 6-დოზიანი ფლაკონი, ასევე „ასტრაზენეკას“ 10-დოზიანი ფლაკონი, ამისთვის უკვე ხდება სათადარიგო სიების ფორმირება პოლიციის და ჯარის წარმომადგენლების მონაწილეობით. ესენი ორგანიზებული ჯგუფებია, რომელთა სწრაფი მობილიზება არის შესაძლებელი. მათი ჩართულობა ვაქცინების ბოლომდე ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.