თამარ გაბუნია - როგორც ცნობილია, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება. ამიტომ, როგორც გაბუნია ამბობს, მეტი სიფრთხილეა საჭირო.
თამარ გაბუნიამ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი, სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იმავე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის დადასტურების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.