თამარ გაბუნია - კორონავირუსის ახალ შტამებთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, ჯერ ყველაფერი ჰიპოთეზების დონეზეა
თამარ გაბუნია - კორონავირუსის ახალ შტამებთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, ჯერ ყველაფერი ჰიპოთეზების დონეზეა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის, რა რისკ-ფაქტორები ახლავს კორონავირუსის ახალ შტამს.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არსებობს ვარაუდი, რომ ეგრეთ წოდებულ ბრიტანულ შტამს უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს. თუმცა, როგორც გაბუნიამ განმარტა, ვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება, რის გამოც ჯერჯერობით ყველაფერი ჰიპოთეზისა და ვარაუდის დონეზეა.

„ახალ შტამებთან დაკავშირებული რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. ვიცით, რომ ვირუსი განიცდის მუტაციას და ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალ შტამებს, გარდა იმისა, რომ ვარაუდი იყო გამოთქმული მათი უფრო სწრაფად გავრცელების შესახებ.

საუბარია ბრიტანულ შტამზე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეცნიერება ამას იკვლევს და უფრო დეტალური პასუხები მოგვიანებით იქნება. ჯერჯერობით ყველაფერი ვარაუდისა და ჰიპოთეზების დონეზეა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.