თამარ გაბუნია - ხშირ შემთხვევაში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმმა უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც გადაწყვეტენ მკურნალობის ტაქტიკას
უმეტეს შემთხვევაში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმმა უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩუტყვავილის შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნა, რაც გარკვეულწილად უკავშირდება პანდემიის მიმდინარეობას, რომელმაც შეცვალა რესპირაციული გზით გადაცემადი ინფექციების ტრაექტორია და ტენდენციები.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩუტყვავილის შეთხვევების გარკვეული მატება გვქონდა. ჩუტყვავილის ვაქცინაცია რუტინულ კალენდარში როგორც ჩვენს, ასევე ბევრ ქვეყანაში არ შედის, რადგან ამ ვაქცინაციას თავისი წესები აქვს და ითვლება, რომ ბავშვობის ასაკში გადატანილი ინფექცია უფრო ხშირად არის მსუბუქი მიმდინარეობის. ინფექციის გადატანის შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი და იმუნური ფენის ჩამოყალიბებისთვის უფრო საიმედოა, რომ მსუბუქი შემთხვევები ბავშვმა გადაიტანოს, მოზრდილობის ასაკში უფრო დაცული იქნება. ასევე, ვაქცინაციიის შემდეგ ჩუტყვავილასთან მიმართებაში მყარი არ რჩება და ამან მოზრდილ ადამიანში, შესაძლოა, შექმნას ინფიცირების რისკები, რაც არის განსაკუთრებით საფრთხილო. ამიტომ მთავარია, ბავშვი, თუ მას ჩუტყვავილა აქვს, იყოს ოჯახისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ოჯახის ექიმი ოდნავ თუ მაინც შენიშნავს სიმპტომების დამძიმების რისკებს, უნდა მიმართოს ინფექციურ საავამდყოფოს. ინფექციონისტი გადაწყვეტს ბავშვის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას. უმეტეს შემთხვევებში ჩუტყვავილა მიმდინარეობს მსუბუქად“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, წითელას რაც შეეხება, როგორც გაბუნიამ განაცხადა, წითელას იმუნიზაციის მაჩვენებელი გარკვეულწილად კოვიდის პერიოდში გაუარესდა, თუმცა გასულ წელს მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა, რათა ეს მაჩვენებელი დაბრუნებოდა პანდემიამდელ პერიოდს.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ბავშვმა გამოტოვა წითელას ვაქცინის დოზა, დროულად მოხდეს მისი ვაქცინაცია.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წითელას იმუნიზაციისთვის მშობლებმა მიიყვანონ ბავშვები სამედიცინო დაწესებულებებში. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ბავშვმა გამოტოვა წითელას ვაქცინის დოზა, დროულად მოხდეს მისი ვაქცინაცია. ეს სამუშაო არის მიმდინარე და აქტიური. წითელა არის რუტინული იმუნიზაციის კალენდრის ერთ-ერთი მთავარი ვაცქინაცია. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოცვა იყოს მაქსიმალური, რაც აქამდეც გვქონდა, მაგრამ მეტი აქტივობაა საჭირო, რათა ბავშვები, ვისაც გამორჩათ დოზები, იყვნენ დროულად ვაქცინირებული“, – განაცხადა გაბუნიამ.