თამარ გაბუნია - კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს დარჩება, თვითიზოლაცია მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის განიხილება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დღიურად კორონავირუსის ერთეული შემთხვევები მათ შორის საზღვარზე ძალიან აქტიური კონტროლის შედეგია.
მისი თქმით, საქართველოში ყველა იმპორტირებული შემთხვევა იდენტიფიცირებულია.
ამასთან, გაბუნიას განმარტებით, მიმოსვლის გახსნა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდემიურად ისევ წითელ ზონაში არიან, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია.
ამიტომ, გაბუნიას თქმით, ქართული მხარე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ სად და როგორი ინტენსივობით გააქტიურდება მოგზაურობა, ქვეყნების ეპიდემიურ მდგომარეობას გაითვალისწინებს.
„ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა საზღვრების გახსნის თემას. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ეპიდემიური სურათი, ის, რომ დღეში ერთეული შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული, უკავშირდება იმას, რომ საზღვარზე ძალიან აქტიური კონტროლი ხდება. პრაქტიკულდ, ჩვენთან იმპორტირებული შემთხვევები ყველა იდენტიფიცირებულია. მიმოსვლის გახსნა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდემიურად ისევ წითელ ზონაში ან მაღალი რისკის მატარებლები არიან, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია. ამიტომ ჩვენ ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად და როგორი ინტენსივობით გააქტიურდება მოგზაურობა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ იმ ქვეყნის ეპიდემიურ სტატუსს“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება ბიზნესთან დაკავშირებულ მოგზაურობას, გაბუნიას განცხადებით, ამ შემთხვევაში ყველა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს.
„აქ არის ერთადერთი დაცვის მექანიზმი ტესტირება, 72 საათიანი ვალიდურობის ტესტის მოთხოვნა ან ადგილზე ტესტირების აუცილებლობა და შემდეგ რეგულარული ტესტირებისთვის პირობების შექმნა, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ სამგზავრო, დიდი ავტომობილების, ტრაილერების მძღოლების შემთხვევაში. რეგულაციების ნაწილი ამ შემთხვევაში რჩება ისე, როგორც იყო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, კარანტინის რეჟიმი საქართველოში შემომსვლელი ყველა პირისთვის სავალდებულოა, თუმცა იქნება გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა პირი თვითიზოლაციაში გადავა.
„კარანტინის მექანიზმი მოქმედებს. ყველა მოგზაური, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში, იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუ სხვა ქვეყნის, ექვემდებარება ორკვირიან კარანტინს, თვითიზოლაცია განიხილება მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ეხება დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ წარმომადგენელს, ან როდესაც ადამიანს აქვს ისეთი კლინიკური მდგომარეობა, რომ ვერ დარჩება კარანტინში, მას სჭირდება განსაკუთრებული მოვლის პირობები.
სხვა შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც ბიზნეს მიზნებისთვის ჩამოდის ადამიანი, იქ ერთვება მოთხოვნა ტესტირების შესახებ და შემდეგ ხდება ინდივიდუალურად მისი ბიზნეს აქტივობის იმგვარი ხელშეწყობა, რომ დაცული ვიყოთ ინფექციის გავრცელებისგან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ მოქმედი რეგულაციები შესაძლოა, უფრო დაიხვეწოს და გაფართოვდეს.
„რა თქმა უნდა, კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს. ამიტომ დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარი არის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეპიდემიური რისკი“, – განაცხადა გაბუნიამ.