თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სექტორში მობილიზაციის ხარისხი იზრდება, კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისია
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სექტორში მობილიზაციის ხარისხი იზრდება, კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში მობილიზაციის ხარისხი იზრდება.

მისივე თქმით, კლინიკებში კოვიდპაციენტების მისაღებად საწოლების რაოდენობა საკმარისია.

„ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორში მობილიზაციის ხარისხი იზრდება. დღეის მდგომარეობით, 3 700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში. მიმდინარეობს მუშაობა კლინიკების დამატებით მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზების. მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, დაახლოებით 7 500 საწოლის მობილიზება სჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, საწოლფონდი სრულად საკმარისია.

მეტი დატვირთვაა რა თქმა უნდა, თბილისზე, სხვაგან საბედნიეროდ, არის უკეთესი მდგომარეობა. ამდენად, თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ყველა სახის მარაგი საკმარისია, რათა კოვიდპაციენტმა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

„რაც შეეხება სხვა მარაგებს, მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს შესაფერისი სამედიცინო მომსახურება“, – აღნიშნა გაბუნიამ.