თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა, ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა, ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მიდის.

როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის კონსტრუქციული ურთიერთობაა და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

ამასთან, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის საკითხში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჩართულობაზეც ისაუბრა.

„ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას რაც შეეხება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი  მონაწილე ამ პროცესის. შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს. ეს არის უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობენ, როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი. ეს არის ის მექანიზმი, სადაც განიხილება, რა გზით შეიძლება შემოვიდეს ვაქცინა და შემდეგ უკვე, მოლაპარაკების დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროში არის ვაქცინის შესყიდვის საბჭო, რომელიც წარმართავს შესყიდვის საკითხს. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ის იქნება შემსყიდველი, ანუ გადაიხდის თანხას და მიიღებს ვაქცინას „იუნისეფის“ მექანიზმის ფარგლებში. ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს დილით გვქონდა შეხვედრა პრემიერთან, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი და რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა. ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა გაბუნიამ.