თამარ გაბუნია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-პასპორტს არ აღიარებს, რადგან ტესტირების შედეგი მხოლოდ 72 საათის განმავლობაშია ვალიდური
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საზღვრების გახსნასთან და მოგზაურების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით კვლავ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სხვადასხვა მექანიზმი არის შემუშავებული და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარზე ტესტირება.
„დღეს სხვადასხვა მექანიზმია, მაგალითად ბიზნეს მოგზაურებისთვის, რაც ითვალისწინებს „პისიარ“ ტესტირებას. ასევე, არის მექანიზმი მძღოლებისთვის, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს. ბოლო დღეებში, თუ თვალს ადევნებთ, ძირითადად იმპორტირებული შემთხვევების გამოვლენა ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარზე ტესტირება.
რა თქმა უნდა, უპირობოდ საზღვრის გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება იმ ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე გვექნება საუბარი“,- განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება ე.წ. კოვიდ-პასპორტს, რომელთან დაკავშირებითაც დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ პასპორტი, ანუ, ტესტირების პასუხის თაობაზე ცნობა იმ ქვეყნიდან, საიდანაც ტურისტი შემოდის“.
გაბუნიას განმარტებით, კოვიდ-პასპორტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს.
„რაც შეეხება კოვიდ-პასპორტს, რაზეც არის მსჯელობა, კოვიდ-პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში არის ვალიდური. მაგალითად, 72 საათის განმავლობაში.
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მას არანაირი გარანტიისა და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. ამდენად, უკეთესი, მეცნიერულად მეტად დასაბუთებული დაცვა, ბუნებრივია, არის ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის ტესტირება. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე, არის ერთი ტაქტიკა იმასთან მიმართებაში, რომ საზღვარზე ხდებოდეს საწყისი სკრინინგი, აქ თეროსკრინინგიც რჩება.
ასევე, იყოს მარტივად „პისიარ“ ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, „პისიარ“ ტესტირების ყველასთვის შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს ძალიან რესურსტევადია და ზოგადად, ამის ეფექტურობა დაბალია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ მაღალი რისკის მოგზაურებისთვის „პისიარ“ ტესტირების შესაძლებლობა განიხილება.
„შემდეგ უკვე მზად არიან სასტუმროები და ტურუსტული ადგილები, რათა მათ მოახერხონ, დახმარება გაუწიონ მოგზაურს ნებისმიერ მომენტში, თუ ოდნავ მაინც აქვთ საეჭვო სიმპტომი, დააკავშირონ სამედიცინო სფეროსთან. ეს არის ის მექანიზმი, რომელსაც სხვა ქვეყნებიც იყენებენ და ჩვენც ვფიქრობთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კითხვაზე, „ტესტირება უფრო ეფექტიანი არ იქნება, ვიდრე თერმოსკრინინგი საზღვარზე?“ – გაბუნიამ უპასუხა, რომ ერთმანეთს არ ცვლის.
„კოვიდ-პასპორტი სიცხის გაზომვას არ უკავშირდება. კოვიდ-პასპორტი არის გადატანილი ან ტესტირების შედეგით შემოსული ადამიანი. ვალიდურობა ტესტირების არის ხანმოკლე, 72 საათი, ხუთი დღე. უფრო ადრე ჩატარებული ანალიზი უკვე დაცვის გარანტიას ვერ იძლევა.
ყველაფერს აქვს მეტნაკლები ეფექტურობა. საერთოდ, თერმოსკრინინგი ეფექტურია და ალბათ გახსოვთ, ბევრი შრმთხვევა თერმოსკრინინგის შეხეგად გამოვლინდა. ჩვენ თერმოსკრინინგს დღესაც ვიყენებთ.
ტესტირება მნიშვნელოვანი და ეფექტურია მაღალი რისკის ჯგუფებში, რადგან ზოგადად ვხედავთ, რომ დღეს ჩვენ პრაქტიკულად ქვეყნის შიგნით შემთხვევა არ გვაქვს.
მოგზაურებთან მიმართებაში გამოიყოფა ის მოგზაურები, რომელიც არის მეტად მაღალი რისკის მატარებელი და ამისთვის გარკვეული ალგორითმი მომზადება.
აქ იქნება მოგზაურობის ისტორია. ასევე, რომელი ქვეყნიდან მოდის. იქნება გადატანილი სტატუსიც. ამის მიხედვით იდენტიფიცირდებიან ის პირები, ვისაც შევთავაზებთ „პისიარ“ ტესტირებას. ჯერჯერობით, ეს არის მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, რასაც დამუშავება სჭირდება და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დაიხვეწება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.